დირექტორისგან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა ახალი ინიციატივაა - პასუხი ახალ რეალობაზე როგორც მსოფლიოში, ისე ქართულ აკადემიურ სისტემაში. ათწლეულების, თუ არა უფრო დიდი ხნის მანძილზე, „კავკასიის კვლევა“ ძირითადად ლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ კვლევას გულისხმობდა. სიტყვა „კავკასია“ რაღაც ეგზოტიკურთან და შორეულთან იყო დაკავშირებული. მრავალფეროვანი და ძველი კულტურა, ისევე, როგორც ბუნებრივი სილამაზე, არის და იქნება მსოფლიოს ამ თვალწარმტაც ნაწილში მდებარე ქვეყნების და აქ მცხოვრები ხალხების საგანძური. თუმცა, დღეს მსოფლიო კავკასიის რეგიონს მისი რთული პოლიტიკური პრობლემების გამო უფრო იცნობს, ხოლო მისი ქვეყნები და საზოგადოებები რეგიონული და მსოფლიო მოთამაშეების თვალში მზარდ მნიშვნელობას იძენენ. მიუხედავად ამისა, კავკასიის შესახებ არსებული აკადემიური ცოდნის მოცულობა მეტად მცირეა, თუ რეგიონის მნიშვნელოვნებას გავითვალისწინებთ. ასეთი ცოდნა მოითხოვს კომპლექსური ინტერდისციპლინარული მიდგომების გამოყენებას, აგრეთვე თანამშრომლობას სხვადასხვა (კავკასიის რეგიონში, მის მეზობლად თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კუთხეში მდებარე) ქვეყნის მკვლევარებსა და სტუდენტებს შორის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სკოლა გახდეს წამყვანი აკადემიური ცენტრი კავკასიის კვლევის მზარდ დარგში - მიმზიდველი ადგილი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების, მკვლევარებისა და პროფესორებისთვის. ჩვენი უმთავრესი მიზანია კვლევის და სწავლების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა. ამავე დროს, ჩვენს ახლო წარსულში მომხდარი მძიმე მოვლენების გათვალისწინებით, ასევე გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ კეთილგონიერი ადამიანები ყოველთვის მოძებნიან საერთო ენას თუნდაც ყველაზე რთული პრობლემების შესწავლისა და განხილვის დროს.
გია ნოდია |